განცხადებები

რუსთავის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

  • 2021-10-13
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, XVIII და XXI მიკრორაიონებში, თერთმეტ სართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
როგორც მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შ.პ.ს. „რუსთავი დეველოპმენტ გრუპისგან“ შემოვიდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზეც თანხმობა მიეცა ინვესტორს.
„- ტერიტორიაზე ავარიული კორპუსი იყო განთავსებული, რომლის დემონტაჟს მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. გასულ წელს, „რუსთავი დეველოპმენტ გრუპმა“ განახორციელა შენობის დემონტაჟი და წარმოადგინა ტერიტორიის განაშენიანების გეგმა. შედეგად მივიღეთ, ლამაზი საცხოვრებელი სივრცე, სპორტული, საბავშვო მოედნებით, კეთილმოწყობილი შიდა ეზოთი და თავისი მიწისქვეშა ავტოპარკინგით.“- განმარტა სხდომაზე ეკა პაპუაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა პოლიეთილენის ბოთლების გადამამუშავებელ საწარმოს „პოლოვიმ“- ს პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხს.
„- მისასალმებელია, რომ ქალაქში, მშვიდობის ქუჩაზე ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც ახდენს მეორადი პოლიეთილენის ბოთლების გადამუშავებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.“- განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 22496,3 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის ნუსხა და 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, 612 კვ.მეტრი ფართობის საპრივატიზებო ობიექტის ნუსხა.