განცხადებები

საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

  • 2021-11-25
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯღარკავა უძღვებოდა.
კომისიის ფარგლებში, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალი ქვეპროგრამის ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული პროექტის მიზანს ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიებების გატარება წარმოადგენს, რომლის ამოცანაა ძალადობის მსხვერპლთა მიერ თავშესაფრის დატოვების შემდგომ პერიოდში არსებული გამოწვევებისა და კრიზისული სიტუაციის დაძლევა, მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება - ერთჯერადად, 1000 ლარის ოდენობით.
დღესვე, კომისიის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ქვეპროგრამის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის, სოციალური განყოფილების უფროსმა თეა გაგიევამ განმარტა, ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროსმედალოსანი მოსწავლეების (რომელთა საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე) წახალისებას 500 ლარის ოდენობით.
კომისიაზე იმსჯელეს ,,სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების“ წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გულისხმობს რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.
ცვლილების შედეგად, ბაკალავრიატის სტუდენტების გარდა, 500 ლარის ოდენობით დაფინანსდებიან მაგისტრატურის სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება შეფასდება 85-დან 100 ქულამდე.
დღესვე კომისიამ იმსჯელა ,,ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 159 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
როგორც კომისიის სხდომაზე განიმარტა, გაიზარდა დაფინანსების თანხები ,,მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესში და ,,დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამაში“.
ასევე, ცვლილება შევიდა ,,მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესში - პროგრამით მოსარგებლე პირებს დაემატა მარჩენალდაკარგული პირები (18 წლის ასაკის მიღწევამდე) სარეიტინგო ქულით 70 001-დან-150000 ჩათვლით და ომის მონაწილე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის შესაბამისად, გაიზარდა დაფინანსების თანხები ომის მონაწილეებისათვის - 250 ლარამდე, დანარჩენი კატეგორიისთვის - 200 ლარამდე.
კომისიის გადაწყვეტილებით,დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებიც ბიუროს სხდომას გადაეგზავნა.