განცხადებები

საქალაქო ტრანსპორტი

რუსთავში შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობებია:

  • მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსი)
  • კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსი
  • ტაქსი

ქალაქში მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები. რუსთავში, საქართველოს მასშტაბით პირველად, დამონტაჟდა ელექტრონული ტაბლოები, რომელზეც აისახება ავტობუსების მოძრაობის განრიგი.

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური შეადგენს 0,50 თეთრს. შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი კერძო მიკროავტუბუსებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 0,50 თეთრს. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური მარშრუტების მიხედვით, 1.50–დან 2 ლარამდე მერყეობს. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო ტაქსოპარკების რაოდენობა, რამაც ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებლებისთვის  24–საათის განმავლობაში ხელმისწავდომი, იაფი მომსახურების მიწოდებას.

ამ ეტაპისთვის, ქალაქში არსებულ 7 მარშრუტზე მოძრაობს 40 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რუსთაველებს 35, შაბათს 28, ხოლო კვირას 26 ავტობუსი ემსახურება.

 მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი:

  • დილის 06:15 სთ - დან საღამოს  21: 00 სთ-მდე
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მარშრუტებს შორის 15- წუთიანი ინტერვალებია, შაბათ  - კვირას  კი მარშრუტებს შორის ინტერვალი 20 წუთს შეადგენს. პირველი ავტობუსი გადის 06:15 საათზე, ბოლო ავტობუსი ავტოფარეხში ბრუნდება 21:00 საათზე.
  • დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას, მე-12 მიკრორაიონში, წმინდა ნიკოლოზის სახ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველებს ქალაქის სასაფლაოების მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. ავტობუსები მე-12 მიკრორაიონიდან 09:00, 12:00 და 16:00 საათზე გადიან, სასაფლაოს ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით კი 10:00. 13:00 და 17:00 საათზე. 

მუნიციპალურ ტრანსპორტს (ავტობუსები) განკარგავს შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო

შეღავათები მუნიციპალური ტრასპორტით მგზავრობაზე:

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ბარათები. შეღავათით სარგებლობენ ვეტერანები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 0-დან 150 000-მდე, ასევე მოსწავლეები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, საჯარო სკოლების, მუნიციპალური თეატრის, სამუსიკო სკოლების, ისტორიული მუზეუმის, სამხატვრო სკოლების, კულტურის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირათა ცენტრის, ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის", ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“, საბიბლიოთეკო გაერთიანების ფილიალების, ბაგა–ბაღების გაერთიანებების ფილიალების, სასპორტო სკოლის თანამშრომლები და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე რუსთავში რეგისტრირებული პედაგოგები.